“CYBER-EXE საქართველო 2019” - კიბერსავარჯიშო საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
20 დეკემბერი, 2019


იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა „საქართველოს უნივერსიტეტში“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალქესანდრე ტაბატაძემ გახსნა. როგორც მან მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონის ამაღლებას.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. შეუძლებელია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების გარეშე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში. მოხარული ვარ, რომ უკვე მეექვსედ საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის შესაბამისი პროფილის თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევთ მონაწილეობა მიიღონ რეალურ სავარჯიშოებში და გამოსცადონ საკუთარი თავი იმიტირებული კიბერშეტევების გაუვნებელყოფის პროცესში”, - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ბრიტანეთის მთავრობისა და საელჩოს ხელშეწყობით ჩატარდა.

ეროვნული კიბერსავარჯიშო წელს უკვე მეექსვედ გაიმართა. ღონისძიების მიზანია საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობას ამ მიმართულებით.

ღონისძიება შეჯიბრის ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე გუნდი წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში ახორციელებს ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაციას. სავარჯიშოს შედეგად ანალიზდება თითოეული გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები და გუნდების გაძლიერების მიზნით მზადდება რეკომენდაციები.

მსგავი ფორმატი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მას “წითელი და ლურჯი” ჯგუფების სავარჯიშოებს უწოდებენ.

„როდესაც 2014 წელს „Cyber-Exe საქართველო“ პირველად ჩავატარეთ, მაშინ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება და ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეხმარებოდნენ სავარჯიშოების შედგენის, მთლიანად ღონისძიების ფორმატის ფორმირების საქმეში. ახლა სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო სამი და წლევანდელი ღონისძიება მთლიანად „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ რესურსებით არის ორგანიზებული და სავარჯიშოების პროგრამაც ჩვენი სპეციალისტების მიერაა შედგენილი. დღევანდელ ღონისძიებაში 25-მდე სხვადასხვა სახელწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელებით დაკომპლექტებული გუნდი იღებს მონაწილეობას. იმედი მაქვს, რომ მსგავსი სავარჯიშოები ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს კიბერსაფრთხეებთან ბრძოლის საქმეში“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თვმჯდომარემ.

ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, - კერძოდ სხვადასხვა სირთულის კიბერინციდენტის გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრა. სავარჯიშოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პირველი “CYBER-EXE საქართველო” „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინიციატივით 2014 წელს გაიმართა. წელს ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ „საქართველოს უნივერსიტეტი“ და ასოციაცია „გრენა“, ხოლო სპონსორები „ორიენტ ლოჯიკი“ (Orient Logic), „იუ ჯი თი” (UGT) და „გრინნეტი“ (GEENNET).